ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის ინიციატივას დირექტორი დადებითად აფასებს
დედაქალაქის ახლად არჩეული მერის ინიციატივას, ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე დადებითად აფასებს. მისი თქმით, ადგილი ახალი ზოოპარკის მშენებლობისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე აქამდეც შერჩეული იყო, თუმცა მისი პრაქტიკული განხორციელება ვერ მოხერხდა.
„ეს ტერიტორია, სადაც დღეს ზოოპარკია, საკმარისი აღარ არის იმ მიზნებისთვის, რა მიზნები და ამბიციებიც ჩვენ გვაქვს. ამ ტერიტორიაზე შეუძლებელია გარკვეული სახეობების ცხოველების ყოლა, ხოლო ახალ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ზოოპარკი აშენებული იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა გურიელიძემ.
მისივე განმარტებით, ტერიტორია, სადაც შესაძლოა ახალი ზოოპარკი აშენდეს, არსებული ზოოპარკის ტერიტორიას 5-ჯერ აღემატება და დაახლოებით 50 ჰექტარს წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტი ჯიშის ცხოველების ჩამოყვანას.