რატომ არ გახდა უკრაინა ამ დრომდე ნატო-ს წევრი – სტოლტენბერგის განმარტება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსში წევრობისთვის ქვეყანა უნდა პასუხობდეს ნატო-ს ყველა სტანდარტს.

ამის შესახებ მან Axios-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ქვეყანას სჭირდება სტანდარტების დაცვა, მოდერნიზება და კორუფციასთან ბრძოლა.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მართალია, ქვეყანა ალიანსში არ არის, მაგრამ ახლა საუბარია უკრაინასთან პარტნიორობის გაძლიერებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინაიდან უკრაინა ჯერ კიდევ არ არის ნატო-ს ნაწილი, ის არ ექვემდებარება კოლექტიური თავდაცვის პუნქტს – ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლს.

„ნატო-ს წევრი რომ გახდე, უნდა აკმაყოფილებდე მის სტანდარტებს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს მოდერნიზაციაში, კორუფციასთან ბრძოლაში“, – თქვა მან და დასძინა, რომ ამაზე “ალიანსის 30-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს, რომ უკრაინა გახდეს მისი სრულუფლებიანი წევრი. ჯერჯერობით, არ არსებობს შესაბამისი კონსენსუსი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები