მეუფე გრიგოლი – სააკაშვილზე: პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია – ის, რომ მეუფე ნიკოლოზმა პატიმარი აზიარა, მადლიანი საქმეა
“მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი, უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს ესაუბრება სულიერ თემაზე, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არ აზიაროს, გააჩნია კონკრეტულ ვითარებას”, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის მიერ ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ზიარების საკითხს.
მეუფე გრიგოლის თქმით, პატიმრის მონახულება ყველა ქრისტიანის ვალია.
“მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი. უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს სულიერ თემაზე ესაუბრება, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არაზიაროს. გააჩნია კონკრეტულ ვითარებას, როცა ადამიანი საგანგებო – განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის, ან რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება მაშინ ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა ეს მადლიანი საქმეა.
პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ – ერთი დიდი სათნოებაა. პატიმრის მონახულება მაცხოვარმა დაგვავალა ჩვენ, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ ან არ იცნობ, ვისზეც მიგიწვდება ხელი და ვინც ითხოვს ამას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.