გებრეისუსი: როდესაც რისკჯგუფები ჯერ კიდევ აცრის პირველ დოზას ელოდებიან, ბუსტერის გამოყენებას და ბავშვების აცრას აზრი არ აქვს
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ არ მიესალმება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერის შეყვანას ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმში და ასევე, ბავშვთა აცრას კორონავირუსის წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გებრეისუსმა აღნიშნა, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ადამიანები ჯერ კიდევ ელოდებიან ვაქცინის პირველ დოზას.
„არ აქვს აზრი ბუსტერის დოზის შეყვანას ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმში და ბავშვების აცრას, როდესაც ჯანდაცვის მუშაკები, მოხუცები და სხვა რისკჯგუფები ჯერ კიდევ აცრის პირველ დოზას ელოდებიან“, – განაცხადა გებრეისუსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში ექვსჯერ მეტი ბუსტერის დოზა იხარჯება, ვიდრე აცრის პირველი დოზა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
გებრეისუსის თქმით, ვაქცინის დამატებითი დოზა, პირველ რიგში, სჭირდებათ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს. მისივე განმარტებით, დღესდღეობით მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც დღემდე არ დაწყებულა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – ერიტრეა და ჩრდილოეთ კორეა.