ელენე ხოშტარია: ანა ფოტიგას სააკაშვილთან ვერშესვლა იქნება ძალიან დიდი სკანდალი

“მიხეილ სააკაშვილის უფლებები წამოუდგენლად ითელება, ანა ფოტიგას მასთან ვერშესვლა ძალიან დიდი სკანდალი იქნება”, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი კრიზისის დროს ანა ფოტიგას ვიზიტი მნიშვნელოვანია.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიის ასეთი დიდი დარტყმის, კრიზისის ასეთი სიმწვავის დროს ჩვენი პარტნიორების, ევროპარლამენტარების ვიზიტი არის მნიშვნელოვანი ჟესტი. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ანა ფოტიგა არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რა არის ტოტალიტარული, დიქტატორული, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც თავად იბრძოდა თავის დროზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მან იცის რა არის რადიკალური, მწვავე ბრძოლის ფორმები, იცის, რა არის პოლიტიკური დევნა, ბელარუსის, პუტინის რეჟიმი და იცის, რა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი. მსგავსი ადამიანების აქტიური ჩართულობა ჩვენი დემოკრატიის მხარდასაჭერად არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ამ მომენტამდე არ ვიცი, ის შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, ვხედავთ, რომ სააკაშვილის უფლებები წამოუდგენლად ითელება. მისი იქ ვერშესვლა იქნება ძალიან დიდი სკანდალი და კიდევ ერთი დიდი დარტყმა. მნიშვნელოვანია, რომ ანა ფოტიგაც და ჩვენი ქვეყნის მეგობრებიც ხედავენ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ, პოლიტიკოსები, მოქალაქეები, აქტივისტები არ ვეგუებით და ვიბრძვით”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ქვეყანაში არაოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს. თუმცა, მოთხოვნაზე პასუხი ჯერ არ დაბრუნებია. მანამდე, ფოტიგამ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი, ელენე ხოშტარია მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები