უკრაინაში განაცხადეს, რომ რუსეთთან “ენერგეტიკულ ომში” იმყოფებიან
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ მაქსიმ ნემჩინოვის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან “ენერგეტიკულ ომში” იმყოფება.
როგორც მინისტრმა “ტელეკომპანია 1+1”-ის ეთერში თქვა, რუსეთის ხელისუფლება ბლოკავს იმპორტს ყაზახეთიდან, ხელს უშლის უკრაინაში ნახშირით დატვირთული ვაგონების შემოსვლას და მუდმივად ამცირებს შეკვეთილი გაზის სატრანზიტო სიმძლავრეებს.
„ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს კრიზისი კიდევ უფრო ვიგრძნოთ“, – აღნიშნა ნემჩინოვმა.
1-ელი ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინაში ნახშირის ენერგეტიკული კლასის მიწოდება შეწყვიტა და აღნიშნული ქვეყნის შიგნით მზარდი საჭიროებით ახსნა.
ამავდროულად, რუსეთის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ნოემბერში რუსული კომპანიები უკრაინას სხვა ტიპის ნახშირს მიაწვდიან და ყველა მიწოდების ნახევარზე მეტის ექსპორტიორი გახდებიან.
გარდა ამისა, ნოემბრის დასაწყისიდან უკრაინისა და პოლონეთის გავლით მიწოდებული გაზის მოცულობა უკიდურესად დაბალი იყო, მაგრამ 11 ნოემბერს “გაზპრომმა” უკრაინის გავლით გამტარიანობა გაზარდა სრულ სახელშეკრულებო ვალდებულებებამდე – 109 მილიონი კუბური მეტრი დღეში.