“კონფლიქტი საქართველოში“ – რა წერია ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მორიგ, 24-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც 2021 წლის 10 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად იქნა მიღებული. ამის შესახებ “კვირას” სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის შესაძლებლობა, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.
“ანგარიში აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, განსაკუთრებით ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ხანგრძლივი ჩაკეტვის და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და საარსებო წყაროებზე შეზღუდული წვდომის გამო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ დახურვით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების – ირაკლი ბებუასა და გენადი ბესტაევის მდგომარეობაზე, ასევე გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. ამასთან, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა პროგრესის მიღწევა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის მიმართულებით.
ანგარიშში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა, ასევე, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საჭიროება.
მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელება, ისევე როგორც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევა და პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარება. ამასთან, აღნიშნულია ევროპის საბჭოს როლი და ჩართულობა ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენის პროცესში.
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა მუდმივად დგას საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ დღის წესრიგში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები