რუსეთში აცხადებენ, რომ მზად არიან შავ ზღვაში აშშ-ისა და ნატო-ს პროვოკაციების განეიტრალებისთვის
“რუსეთის საზღვრებთან დაუგეგმავი წვრთნების ჩატარება არის შეერთებული შტატების აგრესიული ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ სტაბილურობას”, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტრო „აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო აქტივობას შავი ზღვის რეგიონში განიხილავს, როგორც სამხედრო ოპერაციების სავარაუდო თეატრის შესწავლას, იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინა სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტის ძალისმიერ მოგვარებას გადაწყვეტს.”
“ამ დაუგეგმავი წვრთნების ჩატარება ჩვენს საზღვრებთან არის შეერთებული შტატების აგრესიული ქმედება, რომელიც აბსოლუტურად არ არის პროვოცირებული რუსეთის მიერ, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ სტაბილურობას”, – განაცხადეს სამინისტროში.
საკითხის კომენტირებისას, ანექსირებული ყირიმიდან სენატორმა, ოლგა კოვიტიდიმ თქვა, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონში ნებისმიერი პროვოკაციისთვის არის მზად, ასევე, მზად არის მათი განეიტრალებისთვის.
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი პროვოკაციისთვის და მზად ვართ, გავანეიტრალოთ ისინი. ყირიმში განლაგებულია სახმელეთო ჯარების და შავი ზღვის ფლოტის ძალების ფართო საბრძოლო დაჯგუფება, რომელსაც შეუძლია, მოიგერიოს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებული ძალები,“ – განაცხადა კოვიტიდიმ.
მისი თქმით, რუსეთი მკაფიოდ ათვითცნობიერებს, რომ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების გაზრდილი სამხედრო აქტივობა შავ ზღვაში, არის სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი აზოვი-შავი ზღვის რეგიონში.