ერაყში აცხადებენ, რომ პოლონეთ-ბელორუსის საზღვრიდან, სავარაუდოდ, მიგრანტებს გაიყვანენ

ერაყელი ქურთები, ერაყის ხელისუფლებასთან ერთად, ბელორუსში ავიარეისის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავენ, თანამოქალაქეების გამოსაყვანად.

ამის შესახებ რუსეთში ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ხოშავი ბაბაქრმა განაცხადა.

„უკანასკნელი ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ, არის, რომ ეს მიგრანტები არამხოლოდ ქურთები არიან, ისინი ძირითადად ერაყიდან არიან. ქურთისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაღდადთან – თვითმფრინავის გაგზავნის მომზადებაზე, რათა დააბრუნონ ისინი, ვინც თანახმა არიან. ბევრ მათგანს, როგორც ჩანს, დაბრუნება სურს, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ ვეღარ ბრუნდებიან“, – განაცხადა მან.

ქურთი პოლიტიკოსის თქმით, ევროპულ ქვეყნებში მიგრანტების, შესაძლო განთავსებაზე საუბარი არ არის.

“ყველა მხარესთან მიდის მოლაპარაკებები, როგორც პოლონეთთან, ასევე ბელორუსთან. ისინი ტყეში სიცივეში იმყოფებიან, ხალხის სიკვდილზეა საუბარი. თუ ნაბიჯები არ გადაიდგა, შეიძლება, ხალხი დაიღუპოს,“ – დასძინა ბაბაქრმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც ერაყის ცენტრალური ხელისუფლება, ასევე, ქურთისტანის დემოკრატიული პარტია საკუთარი არხებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები