ლუკაშენკო ევროპას გაზის გადაკეტვით დაემუქრა

ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპას ურჩევს, სანამ ბელორუსს ახალ სანქციებს დაუწესებენ და საზღვრებს ჩაკეტავენ, კარგად დაფიქრდნენ.

ამის შესახებ მან მინსკში მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პოლონეთი გვაშინებს, რომ საზღვარს ჩაკეტავს. კი ბატონო, დახურეთ: ნაკლები გაქცეული გადავა. საკითხი ამაში არ მდგომარეობს. და თუ ჩვენ დავხურავთ ბელორუსის გავლით გაზის ტრანზიტს? ის არ გაივლის უკრაინას: იქ რუსეთის საზღვარი ჩაკეტილია. ბალტიისპირეთში გზები არ არის. თუ დავხურავთ პოლონელებისთვის და, მაგალითად, გერმანელებისთვის, რა იქნება მერე? ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვისას არ გვსურს, რაიმეს წინაშე გავჩერდეთ”, – განაცხადა ბელორუსის ლიდერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრანსნაციონალური მთავარი საექსპორტო გაზსადენი იამალი – ევროპა ბელორუსს გადის და ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა გაზის ტრანზიტის მოცულობა რუსეთიდან ევროპაში.

„ჩვენ ვათბობთ ევროპას, ისინი კი აქეთ გვემუქრებიან, რომ საზღვარს ჩაკეტავენ. და თუ იქ ბუნებრივ გაზს ჩავკეტავთ? ამიტომ, ვურჩევდი პოლონეთის ხელმძღვანელობას, ლიეტუველებსა და სხვა უტვინო ადამიანებს, სანამ რამეს იტყვიან, დაფიქრდნენ“, – დაასკვნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები