სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახად წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავსების ადგილი არის ის, რომელიც სახელმწიფომ გადაწყვიტა და რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. ვსაუბრობ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სასამართლოს მხრიდან იქნა მიღებული: იქაა ერთი მხრივ, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოწოდება და მეორე მხრივ, უარყოფა იმისა, რომ სააკაშვილის გადაყვანა ქალაქის საავადმყოფოში უნდა მოხდეს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელმა, ნანა კაკაბაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაკაბაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც ისინი ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი, ვინაიდან მოშიმშილე იყო, თითქოსდა, ქალაქის საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. თქვენ იცით, რომ ის დღეს ციხის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ადვოკატების მოთხოვნა იყო, რომ ის საქალაქო საავადმყოფოში გადაეყვანათ, რაზეც სტრასბურგმა უარით უპასუხა, ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ სახელმწიფოს მოსთხოვა, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მუდმივი ინფორმაცია ჰქოდნეს, ხოლო პატიმარს მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტოს. ეს იყო სტრასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილების შინაარსი, თუმცა, ორივე მხარე, ხელისუფლება და ოპოზიცია ამას სხვადასხვაგვარად კითხულობს. მე ვსაუბრობ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სასამართლოს მხრიდან იქნა მიღებული: აქაა ერთი მხრივ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოწოდება და მეორე მხრივ, უარყოფა იმისა, რომ მისი გადაყვანა ქალაქის საავადმყოფოში უნდა მოხდეს. ანუ, სპეკულირება ამ მიმართულებით, ალბათ, უკვე შეწყდება და იმედია, რომ ეს მოთხოვნა მაინც აღარ იარსებებს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილებაში ცალსახად წერია, რომ მისი განთავსების ადგილი არს ის, რომელიც გადაწყვიტა სახელმწიოფმ და რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.
რაც შეეხება ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანას: ესეც კანონქვემდებარე მოვლენაა და ხდება იმ შემთხვევაში, როცა დასაბუთებულად არსებობს იმის ვარაუდი, რომ იმ კონკრეტულ დაწესებულებაში, სადაც პატიმარია განთავსებული, შეუძლებელია რაიმე სამედიცინო ღონისძიების ს ჩატარება, რომელიც პატიმარს ესაჭიროება. ამის შემდეგ ის პროფილურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამ შემთხვევაში ამაზე პასუხისმგებელი ხელისფლებაა. ის ამბობს, რომ ის ღონისძიებები, რომელიც სააკაშვილს სჭირდება, შესაძლებელია, ციხის საავადმყოფოში განხორციელდეს. არავის იმაზე მეტად არ უნდა სააკაშვილი ნორმალურ მდგომარეობაში იყოს, როგორც ხელისუფლებას“ – განაცხადა კაკაბაძემ.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.
„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.
სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე”, – წერია მინისტრის განცხადებაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიას თქმით, კი მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.
„მიხეილ სააკაშვილის დაცვის საერთაშორისო გუნდმა გააგზავნა მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელსაც უნდა განეხილა ეს საკითხი 24 საათში. მოთხოვნა იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დავალდებულება. 24- საათიანი ვადა მორჩა 4 საათში, ჩვენ ერთი საათის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მხარეებს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, მოწოდებით ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა სააკშვილის ჯანმრთელობის შესახებ და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით გლდანის #18 დაწესებულებაში. ამასთან, სტრასტბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა ციხეში და ზოგადადაც“ – განაცხადა გვარამიამ.