ჯანმო წითელას დიდ აფეთქებას პროგნოზირებს – ბავშვები რისკჯგუფში არიან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უახლოეს მომავალში მსოფლიოში შესაძლოა, წითელას კერები გაჩნდეს.
დოკუმენტის მიხედვით, შესაძლო აფეთქების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ვაქცინაციის გრაფიკის შემცირებაა.
აღინიშნება, რომ 2020 წელს პანდემიის გამო 22 მილიონზე მეტმა ბავშვმა გამოტოვა ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღება, რაც 3 მილიონით მეტია 2019 წელთან შედარებით.
გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, წითელაზე მეთვალყურეობაც არის გაუარესებული. ლაბორატორიებში გაგზავნილი ნიმუშების რაოდენობა ყველაზე დაბალია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ბავშვების მხოლოდ 70%-მა მიიღო წითელას ვაქცინის ორმაგი დოზა, ხოლო ინფექციის გავრცელებისგან დასაცავად, ვაქცინირებულთა რაოდენობამ 95% უნდა შეადგინოს.
წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, ხასიათდება მაღალი სიცხით, პირის ღრუს და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ანთებით, კონიუნქტივიტით, კანის დამახასიათებელი მაკულოპაპულური გამონაყარით და ზოგადი ინტოქსიკაციით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს მსოფლიოში წითელას დაახლოებით 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესობა ხუთ წლამდე ბავშვია. განვითარებად ქვეყნებში წითელა რჩება ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.