აშშ რუსეთს აფრთხილებს, უკრაინაში “კიდევ ერთი შეცდომა” არ დაუშვას
შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა რუსეთი, უკრაინაში მორიგი “სერიოზული შეცდომა” არ დაუშვას და მოითხოვა განმარტება უკრაინის საზღვართან ჯარების გადაადგილების შესახებ.
“შეერთებული შტატები შეშფოთებულია უკრაინის მახლობლად რუსეთის უჩვეულო აქტივობის შესახებ ცნობებით”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
”ჩვენ არ გვაქვს სიცხადე მოსკოვის განზრახვებთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით, როგორ მოქმედებს ის. ჩვენ გვაშფოთებს, რომ რუსეთმა შეიძლება, სერიოზული შეცდომა დაუშვას და შეეცადოს, გაიმეოროს ის, რაც მან 2014 წელს გააკეთა, როდესაც უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა და ამავე დროს ამტკიცებდა, რომ მისი პროვოცირება მოხდა”, – თქვა ბლინკენმა ვაშინგტონში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დიმიტრი კულებასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კულებამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინას სურს, ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან თავდაცვის გასაძლიერებლად და „არ აპირებს ვინმეზე თავდასხმას“.
პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო აქტივობა უკრაინის საზღვართან არის „უჩვეულოდ მასშტაბური“.
“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, ნათლად აჩვენოს თავისი განზრახვები და დაიცვას მინსკის შეთანხმებები“, – განაცხადა კირბიმ.