რუსეთში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში ნატო-ს ფრენები გახშირებულია
ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავებმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდეს ფრენების ინტენსივობა რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან შავი ზღვის რეგიონში, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ უწყვეტ მონიტორინგს და თვალყურს ადევნებენ ვითარებას შავი ზღვის რეგიონში. გასული დღის განმავლობაში ნატო-ს ქვეყნების სადაზვერვო თვითმფრინავებმა საგრძნობლად გაზარდეს ფრენების ინტენსივობა რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან შავი ზღვის რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ 9 ნოემბერს შავი ზღვის თავზე აშშ-ის საჰაერო ძალების – E-8S სახმელეთო სამიზნე დაზვერვისა და დარტყმის კონტროლის თვითმფრინავს თან ახლდა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების რადიოტექნიკური საშუალებები.
„ასევე, გასულ დღეს რუსეთის საზენიტო-სარაკეტო ძალებს, შავი ზღვის თავზე, ნატო-ს წევრი ქვეყნების სამი სადაზვერვო თვითმფრინავი ახლდა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც თავდაცვის სამინისტროში დააზუსტეს, საუბარია აშშ-ის საჰაერო ძალების სტრატეგიულ სადაზვერვო თვითმფრინავზე – RC-135-ზე, რომელიც გამოფრინდა კუნძულ კრეტაზე მდებარე ავიაბაზიდან, მიუახლოვდა რუსეთის სახელმწიფო საზღვარს 30 კილომეტრით;
ასევე, აშშ-ის საზღვაო ძალების საბაზო საპატრულო თვითმფრინავი P-8A Poseidon გამოფრინდა კუნძულ სიცილიაზე მდებარე ბაზიდან, რომელიც მიუახლოვდა რუსეთის სახელმწიფო საზღვარს 70 კილომეტრის მანძილზე;
საფრანგეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი – C-160G „გაბრიელი“ გამოფრინდა რუმინეთის ავიაბაზიდან და 30 კილომეტრით მიუახლოვდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარს.