თეა წულუკიანი: შემშურდა ზოგიერთი ჩემი კოლეგის
გარკვეულწილად შემშურდა ზოგიერთი ჩემი კოლეგის, რომელიც უკვე აღარ არის მინისტრი, ვინაიდან, მათ აგვისტოში დასვენების საშუალება მიეცემათ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა სამთავრობო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, გათავისუფლებული მინისტრები გუნდის წევრებად რჩებიან და არ არის გამორიცხული მომავალში ისინი სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვიხილოთ.
“უფრო სერიოზულად კი გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, მე მათ, რომლებთანაც ვმეგობრობ, ვესაუბრე და ისინი აბსოლუტურად მშვიდად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ისინი რჩებიან ჩვენს მეგობრებად, გუნდის წევრებად და არ არის გამორიცხული, რამდენიმე მათგანი, თუ არა ყველა, სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვიხილოთ, თუკი მათი სურვილი იქნება. მე ვიცი, რომ პრემიერის მხრიდან, მათ მომავალზე საუბარიც იყო, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. რაც მთავარია, პოლიტიკური გუნდის წევრებად ისინი რჩებიან, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ და ბრძოლის მიზანი არის ერთადერთი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში პროგრესული სახელმწიფო შეიქმნას, რომლის გადაკეთებაც, გარდაქმნაც ვერც ერთი მომავალი მთავრობის შესაძლებლობაში ვერ იქნება. მომავალ მთავრობას მიეცემა საშუალება, უკვე გაკეთებულზე ააშენონ და თავიდან არ მოუწიოთ როგორც ჩვენ ეს გვიწევს სახელმწიფოს შენება ძალიან ბევრ სფეროში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.