საფრანგეთში პენსიონერებისთვის “მწვანე პასპორტები” ძალაში მხოლოდ “ბუსტერ” დოზით აცრის შემდეგ იქნება
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მატების ფონზე, ვაქცინაციის ახალი მოთხოვნები გამოაცხადა.
ამის შესახებ Politico წერს.
მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ 15 დეკემბრიდან 65 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციის პასპორტები აღარ იქნება ძალაში, თუ მათ არ ექნებათ ,,ბუსტერ,, დოზა გაკეთებული.
საფრანგეთში, ამჟამად, ეს არის ერთადერთი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც შეუძლია დამატებითი აცრის მიღება, მაგრამ მაკრონმა ასევე გამოაცხადა, რომ 50-დან 64 წლამდე ადამიანებსაც შეეძლებათ მისი მიღება დეკემბრის დასაწყისში.
სექტემბერში საფრანგეთმა 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის რევაქცინაციის კამპანია დაიწყო.
დღეისათვის დამატებითი ვაქცინა 7,7 მილიონი უფლებამოსილი ადამიანიდან 3,3-მა მილიონმა მიიღო. თუმცა, ხელახალი ინიექციის დანიშვნების რიცხვი გაიზარდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ მაკრონი მიმართავდა ერს.
ვაქცინაციის პასპორტი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც “მწვანე საშვი”, საჭიროა ისეთ ადგილებში, როგორებიცაა რესტორნები, კაფეები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და თეატრები, ასევე, დიდი შეკრებების დროს, როგორებიცაა კონცერტები და სპორტული ღონისძიებები.