ჯანმო: მსოფლიოში ერთ კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4%-ით, ხოლო ინფიცირების 1%-ით არის შემცირებული

მსოფლიოში 1-7 ნოემბერს კორონავირუსით 3 103 186 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 25-31 ოქტომბრის კვირასთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში კლების ტენდენციაა ლეტალური შემთხვევების სტატისტიკაში. 1-7 ნოემბერს ვირუსს 48 703 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 25-31 ოქტომბერთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

შესაბამის სტატისტიკას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

აღინიშნება, რომ, ინფიცირების ჯამური მაჩვენებლით, შემთხვევების 63% ევროპის რეგიონზე მოდის, ასევე, ლეტალური შემთხვევების 55%.

კერძოდ, ევროპაში 1-7 ნოემბერს კორონავირუსს 26 726 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 25-31 ოქტომბრის კვირასთან შედარებით 10%-ით მეტია. ამავე რეგიონში ერთ კვირაში ვირუსი 1 949 419 პირს დაუდასტურდა, რაც 25-31 ოქტომბერთან შედარებით 7%-ით მეტია.

ევროპის რეგიონის გარდა, ერთ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია აფრიკაში 3%-ით. თუმცა, კლებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 13%-ით; დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 9%-ით; ამერიკაში 5%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 2%-ით.

ლეტალური შემთხვევების რიცხვი განსაკუთრებით შემცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 29%-ით და აფრიკაში – 27%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები