ევროპაში ერთ კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10%-ით გაიზარდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, ევროპის რეგიონში 1-7 ნოემბერს კორონავირუსს 26 726 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 25-31 ოქტომბრის კვირასთან შედარებით 10%-ით მეტია.
ასევე, ამავე რეგიონში ერთ კვირაში ვირუსი 1 949 419 პირს დაუდასტურდა, რაც 25-31 ოქტომბერთან შედარებით 7%-ით მეტია.
რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, ჯანმო-ს მონაცემით, 1-7 ნოემბერს კოვიდ19-ით ინფიცირების მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა და 3 103 186 შეადგინა.
ასევე, კლების ტენდენციაა ლეტალური შემთხვევების სტატისტიკაში. 1-7 ნოემბერს ვირუსს 48 703 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 25-31 ოქტომბერთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.
ინფიცირების ჯამური მაჩვენებლით, შემთხვევების 63% ევროპის რეგიონზე მოდის, ასევე, ლეტალური შემთხვევების 55%.
ევროპის რეგიონის გარდა, ერთ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია აფრიკაში 3%-ით. თუმცა, კლებაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 13%-ით; დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 9%-ით; ამერიკაში 5%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 2%-ით.
ლეტალური შემთხვევების რიცხვი განსაკუთრებით შემცირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 29%-ით და აფრიკაში – 27%-ით.