პრემიერმინისტრი Siemens Energy-ის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული კონგლომერატის, Siemens Energy-ის ვიცეპრეზიდენტ არიელ პორატს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანას როგორც ევროკავშირთან, ისე მეზობელ სახელმწიფოებსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, Siemens Energy დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.
პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება Siemens Energy-ის დაინტერესებას ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა და წარმოების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით და მზადაა, მათ მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი.
გერმანული მულტინაციონალური კონგლომერატი Siemens-ი არაერთი მიმართულებით საქმიანობს და ათობით ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.