ფრანგი ეპისკოპოსები პედოფილიის მსხვერპლთა კომპენსირებას გეგმავენ – სასულიერო პირები ქონებას გაყიდიან ან სესხს აიღებენ

ფრანგი ეპისკოპოსები ეკლესიაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად შექმნილ, საკონპენსაციო ფონდში შენატანს გააკეთებენ და ეპისკოპოსთა კონფერენციის მოძრავ და უძრავ ქონებაზე უარს იტყვიან.

ამის შესახებ კონფერენციის ხელმძღვანელმა, ერიკ დე მულენ-ბოფორმა განაცხადა.

საუბარია ეკლესიაში სექსუალური ძალადობის შესახებ დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშზე, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდა და რომლის მიხედვით,  სულ მცირე, 216 ათასი არასრულწლოვანი გახდა საფრანგეთში სასულიერო პირებისა და რელიგიური ლიდერების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი – 1950-დან 2020 წლამდე.

გასულ კვირას კი, ფრანგმა ეპისკოპოსებმა გადაწყვიტეს, „ეღიარებინათ ეკლესიის ინსტიტუციური პასუხისმგებლობა“ და დანაშაულის  „სისტემური ხასიათი“.

გუშინ, კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ შეიქმნება დამოუკიდებელი ეროვნული ორგანო, რომელიც აღიარებს და აანაზღაურებს დაზარალებულებს.

ერიკ დე მულენ-ბოფორის თქმით, ფონდის შესავსებად ეკლესია არ გამოიყენებს მორწმუნეთა შემოწირულობებს.

„ყველა ეპისკოპოსი დათანხმდა, შეეცადოს, დაადგინოს თავის ეპარქიებში ის ქონება, რომლისგანაც შეეძლო გათავისუფლება“, – დასძინა მან.

გარდა ამისა, საფრანგეთის ეპისკოპოსებმა გადაწყვიტეს საჭიროების შემთხვევაში სესხის აღება, რომ შეძლონ თავიანთი ვალდებულებების შესრულება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები