ალეკო ელისაშვილი: დასანანია, ქალაქისთვის, რომ საკრებულო ასე იწყებს მუშაობას
საქმისთვის უფრო მართებული იქნებოდა, ოპოზიციისთვის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოსტი მაინც შეეთავაზებინათ, – ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ძალიან ცუდი პოლიტიკური კულტურა გამოავლინა. საკრებულოს უმრავლესობის მიერ თავმჯდომარის მოადგილის ორ პოსტზე ისევ “ქართული ოცნების” დეპუტატების დანიშვნასთან დაკავშირებით ელისაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დროსაც კი დემოკრატიულად და ზრდილობის გულისათვის ოპოზიციას რაიმე თანამდებობას შესთავაზებდნენ. “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თანამდებობების 100% აიღო. “ქართულ ოცნებას” არჩევნები 100%-ით არ მოუგია. ასე რომ, საქმისთვის უფრო მართებული იქნებოდა, ოპოზიციისთვის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის პოსტი მაინც შეეთავაზებინათ. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, სარევიზიო კომისიის არაფერი გამეგება, ამის ამბიცია ნამდვილად არ მაქვს. ძალიან ცუდი და ძალიან დასანანია, პირველ რიგში, “ქართული ოცნებისათვის” და, ზოგადად, ქალაქისთვის, როდესაც საკრებულო ასე იწყებს მუშაობას”, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.