ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები ხვალ 1 წუთით შეჩერდებიან

ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ასევე სასწრაფო – სამაშველო სამსახურის და კერძო ტრანსპორტის მძღოლები ხვალ 1 წუთით შეჩერდებიან. როგორც “კვირას“ საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირებიდან აცნობეს, ხვალ, 22 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისში ტრაგიკულად დაღუპულ მძღოლს ვალერი ესვანჯიას დაკრძალავენ. ზუსტად 14:00 საათზე ავტოტრანსპორტის მძღოლები ქვეყნის მასშტაბით ერთწუთიან საპროტესტო აქციას გამართავენ. ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ასევე სასწრაფო – სამაშველო სამსახურის და კერძო ტრანსპორტის მძღოლები: თბილისში, რუსთავში, გარდაბანში, გორში, ქუთაისსა და ფოთში 1 წუთით შეჩერდებიან და საყვირს მისცემენ. სატრანსპორტო საშუალებებს შავი ლენტები ექნება დამაგრებული. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირია. ყვითელი ავტობუსის მძღოლი 17 ივლისს მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის გამო შსს-ს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ადე ო. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები