ლუკაშენკო კოვიდინფიცირებულებთან მივიდა და პირბადე მოიხსნა
ალექსანდრ ლუკაშენკო ქალაქ ორშას „წითელ ზონას“ ეწვია, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ. პაციენტებთან გასაუბრების დროს, მან პირბადე ჩამოიწია, რათა ეჩვენებინა, რომ „ნამდვილია“.
„მე ცოცხალი ვარ. თორემ ზოგიერთს ჰგონია, რომ ჩემი ორეული დადის“,- განაცხადა მან.
ლუკაშენკო ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და ურჩია ქალბატონს ბევრი იაროს, თუნდაც პალატაში.
ქალბატონის განცხადებით, ის საქალაქო საავადმყოფოს უფროსი მედდაა, მან მძიმედ გადაიტანა დაავადება, ხოლო ექიმებმა ის სიკვდილისგან იხსნეს.
ლუკაშენკო ასევე ეწვია თითქმის გამოჯანმრთელებული პაციენტების პალატასაც, მათთან მან საერთოდ მოიხსნა პირბადე.