ქართული ღვინის წარდგენა გამოფენაზე „EnoExpo 2021″ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „EnoExpo 2021″ წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანიის ის ღვინოები, რომლებიც, დღეისათვის, პოლონეთის ბაზარზე არ იყიდება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“გამოფენის ფარგლებში, მცირე მარნების მიერ წარმოებული ქვევრის ღვინოების დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დეგუსტაციას გამომცემლობის ,,Vinisfera” ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.
პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, არაერთი ღონისძიება იმართება, რომელთა მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მასზე მოთხოვნის კიდევ უფრო მეტად გაზრდის ხელშწყობაა.
ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პოლონეთმა სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 20% შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.