ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან რუსი დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს – რა კავშირი აქვს მომხდარს ზელიმხან ხანგოშვილთან

რუსი დიპლომატი, რომელიც რუსეთის საელჩოში მეორე მდივნის თანამდებობას იკავებდა, 35 წლის კირილ ჟალო, ბერლინში – რუსეთის საკონსულო განყოფილების შენობასთან გარდაცვლილი იპოვეს.

გამოცემა Spiegel-ი გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ დიპოლომატი შესაძლოა, ფანჯრიდან გადმოვარდა.

შემთხვევა 19 ოქტომბერს, დაახლოებით 7:20 საათზე მოხდა. პოლიციამ ცხედარი რუსეთის საელჩოს ფანჯრების ქვეშ იპოვა. დიპლომატიური სტატუსის გამო, გარდაცვლილის ცხედრის ექსპერტიზა გერმანიაში შეუძლებელი იყო და უკვე 20 ოქტომბერს კირილ ჟალო რუსეთში გადაასვენეს.

Der Spiegel წერს, რომ გაურკვეველია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი – ფანჯრიდან გადმოვარდნა თუ დიპლომატი გადმოვარდნამდე უკვე იყო გარდაცვლილი, “გამომდინარე იქიდან, რომ შენობა სულ 4-სართულიანია, სუიციდის ვერსია საეჭვოდ გამოიყურება”.

გამოცემას რუსეთის საელჩოში განუცხადეს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და, ეთიკური მიზეზების გამო, უარი თქვეს დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.

როგორც Der Spiegel-ს გერმანულ დაზვერვაში წყარომ განუცხადა, ისინი ეჭვობენ, რომ დიპლომატი სინამდვილეში ФСБ-ს ოფიცერი იყო და მას კავშირი ჰქონდა უწყების მაღალჩინოსანთან.

The Insider-მა და Bellingcat-მა, თავის მხრივ, დაადგინეს, რომ კირილ ჟალო ФСБ-ს კონსტიტუციური სისტემის დაცვის სამმართველოს უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ალექსეი ჟალოს ვაჟი იყო.

სწორედ ეს დეპარტამენტი იყო ჩართული რუსეთში აქტივისტებისა და ჟურნალისტების არასამართლებრივ დასჯაში, მათ შორის, ალექსეი ნავალნის, დიმიტრი ბიკოვისა და ვლადიმერ კარა-მურზას მოწამვლაში.

მანქანის რეგისტრაციის მონაცემთა ბაზა ადასტურებს, რომ კირილ ალექსეევიჩ ჟალო მამასთან ერთად რეგისტრირებულია ერთიდაიგივე მისამართზე როგორც მოსკოვში, ასევე, ადრე როსტოვში.

გამოცემა წერს, რომ კირილ ჟალო მუშაობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის მესამე მდივნად ვენაში და 2019 წლის 19 ივნისს ბერლინში გადაიყვანეს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობამდე ორი თვით ადრე.

The Insider და Bellingcat ადრე წერდნენ, რომ ხანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვი თავდასხმის მომზადებამდე არაერთხელ ეწვია ФСБ-ს ანტიტერორისტულ ცენტრს, რომელიც მეორე სამსახურის დაქვემდებარებაშია და რომლის უფროსის მოადგილეა სწორედ მოკლული კირილ ჟალოს მამა, ალექსი ჟალო.

ავტორი : მონიკა დავლიანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები