გიორგი ცუცქირიძე: ნიშანდობლივია, რომ ქვეყანა ინარჩუნებს რეგიონულ ლიდერობას იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟირების დღის წესრიგი რეგიონის არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემდეგ კიდევ ერთმა, მეტად ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ EBRD – იმ 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, სამი პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტულ მაჩვენებლამდე გააუმჯობესა. EBRD-ის 2021 წლის ზრდის პროგნოზით, საქართველო უსწრებს როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში შემავალ ქვეყნებს, ასევე, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც. ხოლო 37 ქვეყნიდან 2021-2022 წლებში, მონტენეგროს შემდეგ, საქართველოს და ესტონეთს ექნებათ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 6.5 პროცენტის ოდენობით,“ – აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე თავის ფეისბუქ-გვერდზე, სადაც მან შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორე კვარტალში და ეკონომიკურმა ზრდამ სარეკორდო 29.9 პროცენტი შეადგინა.
გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, შარშანდელი ეკონომიკური ვარდნის შემდგომ, ასე მოკლე პერიოდში ეკონომიკის მიმდინარე აღდგენის ტემპი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ, გარდა კრიზისული და პოსტკრიზისულ პერიოდებში მთავრობის მიერ განხორციელებული ბიზნესის მხარდამჭერი ეფექტური პროგრამებისა, EBRD-ის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძირითად რისკებს მაინც ვაქცინაციის დაბალი ტემპი და პანდემიის გაგრძელება წარმოადგენს, გაზრდილ პოლიტიკურ არასტაბილურობასთან ერთად.
„ნიშანდობლივია, რომ ქვეყანა ინარჩუნებს რეგიონულ ლიდერობას, თან იმ პირობებში, როდესაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი პოლიტიკური რყევები და ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟირების დღის წესრიგი რეგიონის არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა. EBRD – ის მიერ ზრდის პოზიტიური შეფასება, თანხვედრაშია რა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზრდის პროგნოზთან, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ წლების განმავლობაში ის არის ჩვენი ქვეყნის წამყვანი პარტნიორი და ეკონომიკის დამფინანსებელი ორგანიზაცია. EBRD-ის დაფინანსებით საქართველოში 200 მეტი მარტო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ხოლო მთლიანობაში ამ დახმარებების ჯამური ღირებულება, 4 მლრდ ევროს აღემატება,“ – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.