ნიკოლოზ სამხარაძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე ესაუბრა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ნიკოლოზ სამხარაძე ახალგაზრდებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებაზე ესაუბრა, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გაცხადებულ სამომავლო გეგმას, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს.

მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს და ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ისაუბრა ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევის მნიშვნელობაზე და, ამ კონტექსტში, სავაჭრო ურთიერთობებისა და დივერსიფიცირებული ბაზრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ნიკოლოზ სამხარაძე სტუდენტებს ესაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.

სტუდენტებთან შეხვედრისას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტში საქართველოს, როგორც მედიატორის როლზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები