მიხეილ სააკაშვილი: დღეს საზოგადოება უფრო მზად არის ცვლილებებისთვის, ვიდრე – “ვარდების რევოლუციის” წინ
რუსთავის ციხეში მყოფი, საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების დახმარებით კვლავ მიმართავს მოქალაქეებს და ოპოზიციის დაანონსებულ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
მან 30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს რევოლუცია უწოდა.
“ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა, გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზად არის ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე – “ვარდების რევოლუციის” წინ. ბევრად უფრო წინ წასულია, ინფორმირებულია და, რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე მაშინ.
ჩვენმა მოქალაქეებმა 30-ში უკვე მოახდინეს საარჩევნო რევოლუცია, ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერების და სხვა ლიდერებისგან შექმნილი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ადგილას…
რატომ არის აქციები მნიშვნელოვანი ბევრ ადგილას ერთდროულად?! იმიტომ, რომ ივანიშვილს ჰყავს ძალიან ცოტა, ბოლომდე ლოიალური საპოლიციო შენაერთები და მათ დაატარებს წინ და უკან. ამგვარად, მოუხდება ძალების დაფანტვა და ვერ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების და ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას”, – წერია სააკაშვილის მიმართვაში.