მიხეილ სარჯველაძე: არასწორი იქნება, პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი პატიმრის ნება-სურვილზე ან პოლიტიკურ ფაქტორებზე გავხადოთ დამოკიდებული
“არასწორი იქნება, პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი პატიმრის ნება-სურვილზე ან პოლიტიკურ ფაქტორებზე გავხადოთ დამოკიდებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატ ელენე ხოშტარიას შიმშილობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტშია შიმშილობა თუ მის გარეთ, როცა ადამიანი შიმშილობს, მისი მოთხოვნის ავკარგიანობაზე საუბარი არ სურს.
„ელენე ხოშტარიას შიმშილობა არ მიხარია, მით უმეტეს, საუბარია კოლეგაზე, რომელიც პარლამენტში შიმშილობს. ამ შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტშია შიმშილობა თუ მის გარეთ. როცა საუბარია პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე, პირველი არჩევანია უშუალოდ პენიტენციურ სამსახურში არსებული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერ იქნება უზრუნველყოფილი საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო სერვისი, შეიძლება, პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანის საფუძველი დადგეს. არასწორი იქნება, ეს თავად პატიმრის ნება-სურვილზე ან პოლიტიკურ ფაქტორებზე გავხადოთ დამოკიდებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.