„სააკაშვილი უნდა ვნახო და ნაღდ ამბავს გამოვიტან იქიდან“ – სოსო რობაქიძე ექსპრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ რობაქიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დედამისს, ქალბატონ გიულის რა უფლება აქვს, როცა საუბრობს? კობა დავითაშვილს მშობლები არ ჰყავდა, როცა კლავდნენ? ცინდელიანს დედ-მამა არ ჰყავდა? ადამიანს საერთოდ საფლავი რომ არ აქვს? შვილს უკლავენ თვალწინ? ჩვენ არ დაგვიხოცეს თვალწინ შვილები? ყოველ შაბათ-კვირას დასაფლავებაზე დავდიოდით. მე რომ მკითხოთ, მიშა ციხეში კი არა, მთელი ცხოვრება საგიჟეთში უნდა იყოს.
ერთი რაღაც მინდა, ვთქვა: არ არის საჭირო პარტიები, გამოდით, ამდენი ხალხი რომ ხართ მათგან დაზარალებულები, ამის ორგანიზება შეგვიძლია, გავაკეთოთ. ჩამოდით მშობლები, ჩამოვიდეს ცინდელიანის დედა, დავანახოთ, რამდენი ვართ, იმაზე ათჯერ მეტნი ვართ, ვიდრე მიტინგზე „ნაციონალური მოძრობის“ ხალხი მიდის. ჩამოვიდეს მიშას დედა და ამ ხალხს თვალი გაუსწოროს. რა დღეში იყო ირინა ენუქიძე, დაწვეს და დაფერფლეს. 90 წერილი აქვს ჩემს ოჯახს გაგზავნილი მიშას ოჯახზე, არცერთი პასუხი. რომელ სამართალზეა საუბარი? დღეს ცრემლები რომ მოსდით, ჟორჟოლიანს მინდა, ვუთხრა: ეგ თქვენი პრეზიდენტი იყო, საქართველოს პრეზიდენტი არ იყო. დედამისი უკრაინის პრეზიდენტს კი ნუ ელაპარაკება, ჩვენ, ქართველ ხალხს გველაპარაკოს, ვისთანაც დააშავა, უნდა, რომ აქედან გაიყვანოს თავისი შვილი.

მე მინდა მიშა სააკაშვილის ნახვა. ვეუბნები ამ მთავრობას. მინდა შეხვედრა, როგორც ერთ დაზარალებულს. სააკაშვილი უნდა ვნახო და ნაღდ ამბავს გამოვიტან იქიდან: ჭამს, არ ჭამს, სვამს, არ სვამს, თუ რა დღეშია. ზუსტად ვიცი, 31 დღე რომ ადამიანი შიმშილობს, ფანჯარაზე ვერ ავა და ხელს ვერავის დაუქნევს. რისი მოშიმშილეა? ერთი „ნაციონალი“ გამომყვეს, თუ ჰგონიათ, რომ იქიდან ტყუილს გამოვიტან, ვნახოთ: კვდება, თუ არ კვდება ეს კაცი. პირველი ვიქნები, ვინც ხელს არ მოვაწერ მიშას სიკვდილზე იმიტომ, რომ ვიცი, რა არის სიკვდილი და სისხლი. უნდა გადარჩეს, მთავრობის ხელიდან არ უნდა მოკვდეს, ღმერთი ისედაც დასჯის მაგას. მივიდეთ ჩვენნაირი ხალხი და დაველაპარაკოთ“, – განაცხადა რობაქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები