ანა ნაცვლიშვილი – სააკაშვილზე: პატიმარს ისეთივე უფლება აქვს, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, გადაყვანილ იქნეს მისი ჯანმრთელობის რისკების შესაბამის დაწესებულებაში

“21-ე საუკუნეში საერთოდ საკამათო რომ ხდება ის საკითხი, რომ პატიმარს ისეთივე უფლება აქვს, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, გადაყვანილი იყოს მისი ჯანმრთელობის რისკების შესაბამის დაწესებულებაში, ეს არის სირცხვილი”, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია და პატიმრის ამ უფლების შესახებ წერია საქართველოს კანონმდებლობაშიც.

“სამწუხაროდ, კვირებია უკვე, ჩვენ ვხედავთ გაჯიუტებულ ხელისუფლებას. არსებობს ყველა დასკვნა პროფესიული, საზოგადოების, სახალხო დამცველის ორი დასკვნა, საქართველოს ათასობით მოქალაქის მოთხოვნა და მე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო სააკაშვილის სამედიცინო სამოქალაქო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნას მხარს უჭერს ასობით ის ადამიანი, რომელიც იყო და რჩება სააკაშვილის ღია, საჯარო კრიტიკოსად. ხელისუფლება ცდილობს, ცუდად ითამაშოს ადამიანის გრძნობებით. 21-ე საუკუნეში საერთოდ საკამათო რომ ხდება ის საკითხი, რომ პატიმარს ისეთივე უფლება აქვს, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს გადაყვანილ იქნეს მისი ჯანმრთელობის რისკების შესაბამის დაწესებულებაში, ამაზე საერთოდ მსჯელობა რომ მიდის ეს არის მამხილებელი და მძიმე ამბავი. ამაზე შეთანხმებულია უკვე ცივილიზებული სამყარო, ეს წერია, მათ შორის, ამ ხელისუფლების პირობებში უცვლელად დატოვებულ კანონებში. სირცხვილია ამაზე საუბარი, ადამიანის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ და ძალიან მძიმეა, რომ ამაზე მიდის კამათი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 36-ე დღეა, შიმშილობს. მისი პირადი ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ანალიზებში დრამატული ცვლილებები არ აღინიშნება თუმცა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები