Financial Times: მოლდოვის კრიზისი არის სიგნალი ევროპისთვის, რომელიც რუსულ გაზზე ზედმეტად არის დამოკიდებული

მოლდოვაში გაზთან დაკავშირებულმა კრიზისმა აჩვენა, თუ რამდენად საშიშია ევროპის ზედმეტი დამოკიდებულება რუსეთის “გაზპრომზე”.

ამის შესახებ Financial Times-თან საუბარში პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანია PGNiG-ის ხელმძღვანელმა, პაველ მაიევსკიმ თქვა.

Financial Times წერს, რომ გასულ თვეში „გაზპრომმა“, გრძელვადიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მოლდოვას გაზის მიწოდება მესამედით შეუმცირა და ლურჯი საწვავის მიწოდების შენარჩუნებისთვის, წინა ფასთან შედარებით, ორჯერ მეტის გადახდა მოითხოვა.

მოლდოვა იძულებული გახდა, საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა.

მედიის ცნობით, “გაზპრომი” იაფფასიანი გაზის სანაცვლოდ მოლდოვის ახალი პროევროპული მთავრობისგან პოლიტიკური დათმობების მიღებას ცდილობდა. ამასთან, “გაზპრომი” ამას უარყოფს და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები წარიმართა „ექსკლუზიურად კომერციული პირობებით“.

შედეგად, მოლდოვა დათმობებზე წავიდა და მხარეებმა ხელი მოაწერეს ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს.

მაიევსკის თქმით, „გაზის კრიზისი მოლდოვაში არის გაფრთხილება მთელი ევროპისთვის“, რომელიც გაზის 35%-ს “გაზპრომისგან” იღებს.

“მოლდოვის შემთხვევა არის მაგალითი იმის, თუ რა ვითარება შეიძლება, შეექმნას ევროპას, რომელიც დიდწილად გადასცემს თავის გაზის ინფრასტრუქტურას რუსეთის ხელში. ამავდროულად, გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკად-2″, რომლითაც გაზი რუსეთიდან გერმანიაში მიედინება და რომელიც ბერლინის დამტკიცებას ელოდება, ევროპას უფრო დაუცველს გახდის”, – აღნიშნავს პოლონური გაზის კომპანიის ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები