ეკა კვესიტაძის საყვედური ამერიკასა და ევროკავშირს: ხმას არ იღებენ ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები, რომლებიც ზუსტად ამ დროს მკაცრ განცხადებებს აკეთებენ იუსტიციის საბჭოს მორიგი ჩინოვნიკების დანიშვნის გამო
„ახლა ბევრად უფრო ხმამაღალია ის დუმილი, რომლითაც ისინი სააკაშვილის გამოცხადებულ მკვლელობაზე რეაგირებენ. თუ ტრაგიკული შედეგი დადგა, პირადად ისინი ქართველი ხალხის თვალში ვერასოდეს ჩამოირეცხავენ ამ დუმილით გამოწვეულ ლაქას“, – ასე ეხმიანება ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე და შეშფოთებას გამოხატავს ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან დუმილს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
„საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე პატიმარს, რომელიც 35 დღეა შიმშილობს. უარს ეუბნება იმ უფლებაზე, რომლითაც ასობით სხვა პატიმარი უპრობლემოდ სარგებლობს. მაგრამ ამ თემაზე ხმას არ იღებენ ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოები, რომლებიც ზუსტად ამ დროს მკაცრ განცხადებებს აკეთებენ იუსტიციის საბჭოს მორიგი ჩინოვნიკების დანიშვნის გამო, რითაც ეს საელჩოები თურმე უკვე მეხუთედ მოატყუეს. ეს სასამართლო რეფორმა უკვე დიდი ხანია ჩავარდა და მორიგი მკაცრი განცხადებები ვერაფერს შეცვლის. ახლა ბევრად უფრო ხმამაღალია ის დუმილი, რომლითაც ისინი სააკაშვილის გამოცხადებულ მკვლელობაზე რეაგირებენ. თუ ტრაგიკული შედეგი დადგა, პირადად ისინი ქართველი ხალხის თვალში ვერასოდეს ჩამოირეცხავენ ამ დუმილით გამოწვეულ ლაქას. სააკაშვილის გარდაცვალება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს საქართველოს დასავლურ კურსს, დაუჯერებელია, რომ ეს ჩვენს მეგობარ საელჩოებს არ ესმოდეთ“, – წერს კვესიტაძე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა, მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.