“მოლაპარაკე” რეზნიკოვი “ჩუმი” ტარანის ნაცვლად – უკრაინას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს
უკრაინის უმაღლესმა რადამ, პრეზიდენტის წარდგინებით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრად ყოფილი ვიცეპრემიერი, დროებითი ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხთა ყოფილი მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი დანიშნა.
რეზნიკოვი წინა თანამდებობას 2020 წლის მარტიდან იკავებდა. ის ასევე იყო კიევის წარმომადგენელი დონბასზე საკონტაქტო ჯგუფის პოლიტიკურ საკითხებზე სამუშაო ქვეჯგუფში.
მედიის ცნობით, მის ნაცვლად, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს პრო-საპრეზიდენტო პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის დეპუტატი, ირინა ვერეშჩუკი უხელმძღვანელებს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ანდრეი ტარანი იკავებდა. როგორც ადრე გამოცემა “ცენზორ”-ის მთავარმა რედაქტორმა თქვა, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, უწყების ხელმძღვანელად ჰყავდეს “მოლაპარაკე” რეზნიკოვი და არა – “ჩუმი” ტარანი.
ალექსეი რეზნიკოვი 1966 წლის 18 ივნისს ლვოვში დაიბადა. 1991 წელს დაამთავრა ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, „იურისპრუდენციის“ სპეციალობით.
2004 წელს იყო საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიქტორ იუშჩენკოს ადვოკატი უზენაეს სასამართლოში საპრეზიდენტო არჩევნების მესამე ტურის შედეგების ბათილად ცნობის საქმეზე.
2008-2014 წლებში იყო VI მოწვევის კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, არჩეული იყო ნიკოლაი კატერინჩუკის ბლოკიდან, 2014 წლის ივნისიდან 2015 წლამდე – მერის მოადგილე, კიევის საკრებულოს მდივანი.