იაგო ხვიჩია: პრეზიდენტი პრეზიდენტობით ერთობა – მიჩნდება განცდა, რომ ზურაბიშვილს ბრიფინგები მოენატრა
“პრეზიდენტი პრეზიდენტობით ერთობა, სალომე ზურაბიშვილი ამ თანამდებობაზე ისვენებს”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, ხვიჩია მიიჩნევს, რომ საბოლოოდ ის მოხდება, რაზეც “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთში მოილაპარაკებენ.
“სალომე ზურაბიშვილის განცხადება პოლიტიკური კრიზისის დასრულებასთან დაკავშირებით ორი კომპონენტისგან შედგებოდა. პირველი იყო – შევრიგდეთ, ხალხო, ტემპერატურა დავწიოთ, არ გვინდა პოლარიზაცია! მეორე – მიხეილ სააკაშვილმა არც იოცნებოს, რომ მე მას გამოვუშვებ. ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როცა ორ ისეთ რამეს ამბობ, რაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მიჩნდება განცდა, რომ ბრიფინგი იმის გამო ჩაატარა, რომ ბრიფინგები მოენატრა. მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს თუ არა, ეს სალომე ზურაბიშვილის დისკრეციაა. ჩემი საქმე არ არის, მას შეწყალებისკენ ან არშეწყალებისკენ მოვუწოდო. საბოლოოდ ის მოხდება, რაზეც “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთში მოილაპარაკებენ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.