“ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ინფლაცია ძალიან მაღალია, რაც, ბუნებრივია, იმპორტირებული საქონლის, პირველ ყოვლისა, სასურსათო საქონლის ფასებზე აისახება”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, მთელ რიგ სასურსათო პროდუქციაზე ფასები გლობალურ ბაზრებზეც სარეკორდოდაა გაზრდილი.
„დღეს განვიხილავთ საკითხს, რომელიც, ალბათ, ბევრ ადამიანს აწუხებს გამომდინარე იქედან, რომ ინფლაციას ეხება. ინფლაცია კი, თავის მხრივ, გაზრდილ ხარჯებსა და თითოეული ადამინის ჯიბეზე აისახება. ზოგადად, როცა საუბარია იმაზე, რომ ფასები კატასტროფულად გაზრდილია, ინფლაცია მაღალია, ბოლო 10 წლის ისტორიულ მაქსიმუმზეა, აქ გარკვეული სიმართლე, რა თქმა უნდა, არის. ინფლაცია მაღალია, საშუალო წლიური მაჩვენებელი 12, 8 % -ია.
ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ, საქსტატის მონაცემებით, სასურსათო ფასებზე საკმაოდ მაღალი ზრდაა, 18 %-მდე. რატომღაც, ნაკლებად ხდება აქცენტის გაკეთება იმაზე, თუ რა ხდება გლობალურ ბაზრებზე და რა ტენდენციებია რეგიონის ქვეყნებში. რომ შევხედოთ, რა ხდება გლობალურად, უნდა გითხრათ, რომ მთელ რიგ სასურსათო პროდუქციაზე ფასები სარეკორდოდაა გაზრდილი, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე როგორიცაა შაქარი, ზეთი, მარცვლეული. საშუალოდ რომ ავიღოთ, იგივე შაქარსა და ზეთზე 150-160 %- ითაა ფასები მომატებული. ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა იწვევს ხარჯების ინფლაციას. ეს ნავთობპროდუქტების გაძვირებასთანაა დაკავშირებული. რატომღაც ასევე ნაკლებია აქცენტი იმაზე, რომ საკონტეინერო გადაზიდვები, რომელიც, საბოლოოდ, პირდაპირ მოქმედებს იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, 5-ჯერაც კია გაზრდილი.
რეალობა როგორი გვაქვს: ესაა პოსტპანდემიური ეკონომიკის მახასიათებელი. ამის პროგნოზები იყო, რადგან პანდემია კვლავ გრძელდება. სტაბილიზაცია არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანაში არაა. მსოფლიოში არ დამდგარა ის გარდამტეხი წერტილი, რომელიც პანდემიას დაასრულებდა. რაც მთავარია, ფასების ზრდას იწვევს ზუსტად მოთხოვნის და მიწოდების ძალიან მაღალი დისბალანსი. ეს წარმოქმნის ზუსტად თავისებურ დეფიციტს და ფასების ზრდაც ამის შედეგია.
ზოგადად, თუ გვინდა, შევაფასოთ ინფლაციის მთავარი ინდიკატორი: ეს მაინც არის იმპორტიდან გამომდინარე ინფლაცია. რეალურად, სახეზე გვაქვს ინფლაციის იმპორტი. ავიღოთ თუნდაც რეგიონის ქვეყნები. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა თურქეთი, ზოგადად, რეგიონში ინფლაცია ყველგან ძალიან მაღალია, 8-დან 18 %-მდეც კი. ირანში, მაგალითად, 30 %-ია. ინფლაცია თურქეთშიც ძალიან მაღალი, 16 %-ია, რაც, ბუნებრივია, იმპორტირებულ საქონელზე აისახება, პირველ ყოვლისა კი – სასურსათო საქონელზე. ეს ეხება კვების პროდუქტებს, ასევე, აგროპროდუქციას“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველომ მომავალში აღნიშნული ტენდენციები მინიმუმადე დაიყვანოს, თვითკმარ ეკონომიკაზე უნდა გადავიდეს. როგორც ეკონომისტმა განმარტა, აქცენტი აგროპროდუქციის ქვეყნის შიგნით დამზადებაზე, სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობასა და სამაცივრე მეურნეობების კიდევ უფრო გაფართოებაზე უნდა გაკეთდეს.
როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, თუ საქართველომ მთელი წლის მარაგები არ შექმნა, ყოველთვის იმპორტდამოკიდებული ქვეყანა იქნება და გარე ბაზრებიდან ინფლაციის არასასურველი იმპორტის პრობლემა ექნება.
„დგება მთავარი ამოცანა: როგორ შეიძლება, მომავალში ზემოთ აღნიშნული ტენდენციები მინიმუმადე დავიყვანოთ. როგორ შეიძლება, მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე შემცირდეს.
ვიცით, რომ ისეთი აგროპრუდუქციის, როგორიცაა ბადრიჯანი, სტაფილო, ხახვი, ნიორი, მარაგები წლის ბოლოს გვეწურება ხოლმე, ამიტომ, ძირითადად, იმპორტზე ვხდებით დამოკიდებული. პირველ ყოვლისა, იმპორტი არის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან არის. თუ გვინდა, რომ ეს პრობლემა მომავალში მეტ-ნაკლებად დავძლიოთ, მოგვიწევს გაცილებით უფრო აქტიური ზემოქმედება როგორც აგროპრიდუქციის აქ დამზადებაზე, ისე – სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობაზე, სამაცივრე მეურნეობების კიდევ უფრო გაფართოებაზე. თუ მთელი წლის მარაგები არ შევქმენით, ყოველთვის იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვიქნებით და გარე ბაზრებიდან ინფლაციის არასასურველი იმპორტის პრობლემა გვექნება. ამოცანაც ესაა დღეს. ჩვენ უფრო თვითკმარ ეკონომიკაზე უნდა გადავიდეთ. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ გაძვირებულია შაქარი, მარცვლეული, ზეთი, ჩვენ ბევრი სასურსათო პროდუქციის წარმოება ადგილზეც შეგვიძლია, ამიტომ, მხოლოდ მისასალმებელია მთავრობის პროგრამა, რომელიც გაჟღერდა. მთავრობა ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აპირებს. დაახლოებით, 3 წელიწადში სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია 2,5 მილიარდ ლარამდე რესურსის გამოყოფა, რომელიც ბიზნესთან ერთად მთელი რიგი მიმართულებების მხარდაჭერას მოახდენს. იცით, რომ არის სახელმწიფო პროგრამები – „აწარმოე საქართველოში“, ასევე, სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ აგრო სექტორის მხარდაჭრისთვის ბევრი პროგრამა ხორციელდება, ეს პროგრამები კიდევ უფრო გაძლიერებული უნდა იყოს.
თუ შევძლებთ ექსპორტის ზრდას, ეს გაგვიზრდის სავალუტო შემოდინებებს, მეორე მხრივ, იმპორტის ეტაპობრივად ჩანაცვლებისკენ უნდა მივდიოდეთ. ბუნებრივია, სრული ჩანაცვლება არც სასურველია და არც რეალური, მაგრამ ბალანსი ადგილობრივ წარმოებასა და გარედან შემოტანილ პროდუქციას შორის დაცული უნდა იყოს. ეს ჩემი შეხედულებაა.
კიდევ ერთი თემა, რომელმაც გაძვირების ტალღა გამოიწვია, გაზზე ტარიფების ზრდაა. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაზე ასახვას ჰპოვებს. მაგრამ მთავრობა ახდენს ნეგატიური მოვლენების განეიტრალებას: ესაა გაჭირვებულ და სოციალურად დაბალი შემოსავლების ფენებზე ე.წ. სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფა. ვიცით, რომ გასულ წლებში სუბსიდიების პროგრამები ელექტროენერგიაზე, გაზზე მოქმედებდა. როგორც ვიცით, თბილისის მთავრობა ამ ტიპის ოჯახებისთვის 500 ლარამდე ვაუჩერის გამოყოფას აპირებს. ესეც სუბსიდიის ფორმაა. ეს სწორია. ამას ბევრი ქვეყანა მიმართავს”, – განაცხადა ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
მათი ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), თევზეული (4.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-1.1 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (17.8 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.7 პროცენტი) ქვეჯგუფზე.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას – მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (43.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (31.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (19.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.0 პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (28.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9 -პროცენტიანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.9 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.65 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (12.7 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
თამუნა შეყილაძე