ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 3 პაციენტი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ სამი პაციენტი შეეწირა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ე.წ. რესპუბლიკაში ვირუსს 466 ადამიანი ემსხვერპლა.
ასევე, ვირუსი კიდევ 142 პირს დაუდასტურდა, სულ 458 ტესტი გაკეთდა. ჯამურად, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 32 122-ს შეადგენს.
ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 84 პირი მკურნალობს, მათგან 25-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმში – 44; ოჩამჩირეში – 11, გაგრაში – 34; ტყვარჩელში – 13, ხოლო სამხედრო ჰოსპიტალში 102 პაციენტი იმყოფება.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს – როგორც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 3 ნოემბრის მდგომარეობით, რუსული ვაქცინებით, ჯამურად, 10 443 ადამიანია აცრილი, აქედან 6500 “სპუტნიკ V”-ით, ხოლო 3943 “სპუტნიკ ლაით”-ით აიცრა.
ასევე, გუშინ გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ რეგიონში რუსული ვაქცინების მორიგ პარტიას ნოემბრის შუა რიცხვებში ელოდებიან.