გივი მიქანაძე: ლეგიტიმურია პრეზიდენტის განცხადება, რომ არ აპირებს მსჯავრდებული სააკაშვილის შეწყალებას

“პრეზიდენტმა უკვე მეორედ განაცხადა იმის თაობაზე, რომ არ აპირებს მსჯავრდებულ სააკაშვილის შეწყალებას. აღნიშნული აბსოლუტურად ლეგიტიმურია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, ექსპრეზიდენტი საპატიმროში კონკრეტული დანაშაულების გამო იმყოფება და მისი შეწყალების საფუძველი არ არსებობს.

„პრეზიდენტმა უკვე მეორედ განაცხადა იმის თაობაზე, რომ არ აპირებს მსჯავრდებულ სააკაშვილის შეწყალებას. აღნიშნული აბსოლუტურად ლეგიტიმურია, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება და, ამავდროულად, პრეზიდენტმა იცის, რომ აღნიშნული პიროვნება სასჯელს იხდის მის მიერ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისთვის, რაც სასამართლოს მიერ იქნა კონკრეტული ფაქტების წარმოდგენის საფუძველზე დადასტურებული და გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი. შესაბამისად, არანაირი საფუძველი იმის, რომ ეს ადამიანი შეწყალებული იქნას, არ არსებობს და მან სასჯელი უნდა მოიხადოს იქ, სადაც არის.

რაც შეეხება იმას, რომ ის განსაკუთრებული პატიმარი უნდა იყოს, ამ პოზიციას ვერ გავიზიარებ. ყველა მსჯავრდებული თანასწორია და ყველა მსჯავრდებული სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც გარანტირებული არის მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, მსჯავრდებული სააკაშვილი, ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები, ისარგებლებს ყველა იმ უფლებით, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და მინიჭებული. რაიმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში მისი გადაყვანა არანაირ საფუძველს არ ექვემდებარება და არის კანონთან შეუსაბამო. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული და ის იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი პოზიცია მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შეწყალების შესახებ უცვლელია. “არა და არასდროს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები