პრეზიდენტი განმარტავს, როგორ უნდა დასრულდეს პოლარიზაცია
პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება თუ ოპოზიცია თუ უმრავლესობა დაბრუნდება რეალური პრობლემებისა და გამოწვევების გადაწყვეტაში – ამაზე შეთანხმება არის პასუხი კითხვაზე, როგორ დავასრულოთ არა ერთმანეთი, არამედ პოლარიზაცია , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
“მართალია, რომ საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ ერთმანეთის სიძულვილმა და ლანძღვამ ბევრად გადააჭარბა რეალური პრობლემების განხილვას, პრაქტიკულად იგნორირებული იქნა ქვეყნის რეალური საჭიროებები და მოქალაქეების უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
ერთის მხრივ ხელისუფლება კმაყოფილებას გამოთქვამს ეკონომიკის ზრდის უპრეცენდენტო მაჩვენებლით, როცა პარალელურად მოქალაქეები განიცდიან პირობების მკვეთრ გაუარესებას. ოპოზიცია კი სულ სხვა ვიწრო პოლიტიკური პრიორიტეტებით ხელმძღვანელობდა და ფაქტია, რომ არც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება და არც ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ გახდა პარტიების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები.
პოლარიზაციის დაძლევა შესაძლებელი იქნება თუ ქვეყანა, პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია თუ უმრავლესობა დაბრუნდება რეალური პრობლემების და რეალური გამოწვევების გადაწყვეტაში. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ორი მიმართულება – ჯანმრთელობის კატასტროფის თავიდან აცილება, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და მესამე, ევროპული ინტეგრაციის ქმედითი გზა, რომელიც ჩვენთვის უალტერნატივოა იმდენად უალტერნატივო, რომ არ შეიძლება რომელიმე პარტიული ინტერესი ამას წინ უსწრებს, არის ჩვენი ერთობლივი ზეპარტიული გამოწვევა არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი გაცხადებული ორიენტაცია, არა იმიტომ, რომ ქვეყნის 80% ამ გზას მხარს უჭერს, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ჩვენი სოციალური ეკონომიკური სახელმწიფო განვითარების გზა.
ამაზე შეთანხმება არის პასუხი იმ არსებით კითხვაზე როგორ დავასრულოთ არა ერთმანეთი, არამედ პოლარიზაცია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.