გია ვოლსკი: კანონით, სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებები ექვემდებარება გარკვეულ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას
“შეიარაღების, ძალისმიერი მეთოდებით გადატრიალებისკენ მოწოდება, არამარტო მოწოდება, არამედ კონკრეტული ქმედებები, დასჯადია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სუს- ის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვრცელდება დანაშაულის შემცველი საჯარო მოწოდებები რევულუციის და ხელისუფლების დამხობის თაობაზე, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდებით.
ვოლსკის თქმით, მსგავსი მოწოდება დასჯადია მაშინ, როცა მის უკან კონკრეტული ქმედებები დგას.
“კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს, რომ ვინც სახელმწიფოს დამხობისკენ მოუწოდებს, ექვემდებარება გარკვეულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაგრამ რეალურად ამის უკან უნდა იდგეს არამარტო მოწოდება და ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, არამედ კონკრეტული ქმედება, რესურსი და გარემოება.
როცა ადამიანი ლაპარაკობს გადატრიალებაზე და კონკრეტულად მიუთითებს, როგორ უნდა მოხდეს, ჩატარდეს ეს ყველაფერი, ბრალდების მხარეს ექნება უფრო მყარი პოზიცია.
შეიარაღების, ძალისმიერი მეთოდებით გადატრიალებისკენ მოწოდება, არამარტო მოწოდება, არამედ კონკრეტული ქმედებები, დასჯადია, თუკი გამოძიებას რაიმე პრეტენზია ექნება ასეთ ადამიანთან. ასევე დაცვას ექნება არგუმენტი, თუკი ეს მხოლოდ სულელური განცხადება და ხმამაღალი წამოყვირება იყო. თუ ამის უკან დევს ის, რაზეც, თუნდაც, ახლახანს მოვისმინეთ, რომ როგორ უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს მსხვერპლი და ჩატარდეს კონკრეტული ოპერაცია საქართველოს დესტაბილიზაციის მიზნით, რასაკვირველია, ბრალმდებელს ექნება მეტი პოზიცია.
სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, წინასწარ მე და თქვენ ვერ ვიტყვით”, – განაცხადა ვოლსკიმ.