“უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს, რომ სასამართლოში ვინმეს დანიშვნის შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი და კითხვის ადრესატი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ჩემი აზრით, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს, რომ სასამართლოში ვინმეს დანიშვნის შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი და კითხვის ადრესატი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს, ეს არის საფუძველი, რაზეც ჩვენ ჩვენი ლოგიკა უნდა დავაშენოთ. რომელიმე მოსამართლეს ან სასამართლო სისტემის ხელმძღვანელებს რომ ჰკითხონ, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარედ ეს ადამიანი რატომ აირჩიესო, რელევანტური ხომ არ იქნება, ხომ არცერთი ამაზე კითხვას არ დასვამთ მოსამართლესთან, ასევე ჩვენთან არ არის რელევანტური კითხვა, თუ რატომ აირჩია სასამართლოში ვიღაცამ ვიღაც. თუკი ჩვენ, ყველა ვაღიარებთ პრინციპს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი ჩვენ არ შეიძლება, სასამართლოსთან დაკავშირებულ განსაკუთრებით ამ კონკრეტულ საკითხებზე პასუხი გავცეთ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ზოგად და უალტერნატივო პრინციპს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.