მიხეილ სარჯველაძე: უმჯობესია მეტი თავშეკავება, როცა პოლიტიკური აქტორები ვაფასებთ დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლად გადასაწყვეტ საკითხებს

“არ მგონია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, სიჩქარეზე როცა გვაქვს საუბარი, ალბათ უმჯობესია, ვისაუბროთ ხარისხზეც”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრის ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული დანიშვნა კანონის უზენაესობის სფეროში უკან გადადგმული რიგით მეხუთე ნაბიჯია ბოლო 4 თვეში.

მისივე თქმით, პოლიტიკურ აქტორებს სასამართლო ხელისუფლების საკითხებზე საუბრისას თავშეკავება მართებთ.

„არ მგონია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, სიჩქარეზე როცა გვაქვს საუბარი, ალბათ უმჯობესია, ვისაუბროთ ხარისხზეც, იქნებ ჩქარა სწორი გადაწყვეტილებაც არის მიღებული ან არასწორი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტულ საკითხზე საუბრისას არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ თვითონ არჩევანის ავკარგიანობაზე. ეს თავიდან ბოლომდე სასამართლო ხელისუფლების აბსოლუტური ექსკლუზიური კომპეტენციაა. საკითხი ეს ჩუმად მოხდა თუ არა, არც ამას შევაფასებდი, უმჯობესია მეტი თავშეკავება, როცა პოლიტიკური აქტორები ვაფასებთ დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლად გადასაწყვეტ საკითხებს. მე არ ვთვლი, რომ ხარისხი ტრანსფარენტულობის ან სისწრაფის რამენაირად კრიტიკას იმსახურებს. მესმის, რომ საელჩო აკეთებს ამ განცხადებებს, მაგრამ თუ ამის გამო წამართმევთ უფლებას, როცა მე თქვენ გპასუხობთ, ჩემი მოსაზრება გითხრათ, კი ბატონო, მაგრამ ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით გაგაცანით და თუ არგუმენტად იხმობთ, რომ როცა ევროკავშირი ამას იტყვის, ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავჩერდეთ, ამას ვერ დავეთანხმები”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები