აშშ-ში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციისთვის Pfizer-ის პრეპარატი დაამტკიცეს – პირველი აცრა შესაძლოა, უკვე დღეს გაკეთდეს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კონსულტანტებმა ერთხმად დაამტკიცეს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება 5-11 წლის ბავშვებისთვის.

ამის შემდეგ ვაქცინაციის ავტორიზაციის ბრძანებას ხელი CDC-ის დირექტორმა, რეიჩელ ვალენსკიმ მოაწერა.

მოსალოდნელია, რომ პირველი ვაქცინაცია უკვე დღეს, 3 ნოემბერს ჩატარდეს.

ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ვაქცინის გამოყენების დადებითი ეფექტი მნიშვნელოვნად აღემატება შესაძლო რისკებს. დისკუსიის დროს, ძირითადად, განიხილეს გულის კუნთის ანთების იშვიათი შემთხვევები, რომლებიც დაფიქსირდა ამ ვაქცინის გამოყენების შემდეგ, ძირითადად, ახალგაზრდებში.

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა 29 ოქტომბერს გასცა.

აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ და Pfizer-მა უკვე დაიწყეს პრეპარატის გავრცელება ბავშვების ვაქცინაციის მომზადებისთვის, რომელთაგან ბევრი სკოლაში დაბრუნდა.

თეთრ სახლში ადრე განაცხადეს, რომ ქვეყანაში 28 მილიონი ბავშვის ვაქცინაციის მარაგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები