უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილის საკითხზე უკრაინაში საქართველოს ელჩს შეხვდა

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, ლუდმილა დენისოვა უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა, რომელთანაც საქართველოში ჩასვლასთან დაკავშირებული პრობლემები და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა განიხილა.

ამის შესახებ დენისოვამ ტელეგრამ-არხზე დაწერა.

ელჩთან შეხვედრაზე, უკრაინის სახალხო დამცველმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ოქტომბრიდან საქართველოში უკრაინის საელჩოში არაერთი მიმართვაა შესული უკრაინის მოქალაქეებისგან, რომლებსაც საქართველოდან იძულებით აძევებენ.

„კერძოდ, ეს ჩემს თავზე გამოვცადე 26 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში ჩავედი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით. ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლის ნებართვა მხოლოდ 40 წუთის შემდეგ მომცეს. ამასთან, სასაზღვრო კონტროლს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია და არ გაითვალისწინა, რომ დიპლომატიური პასპორტი მქონდა“, – განაცხადა დენისოვამ.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ასევე უარი უთხრა ქვეყანაში შესვლაზე უკრაინის მოქალაქეებს – ადვოკატ ევგენი გრუშოვცის, სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელ მარია ბარაბაშს, ჟურნალისტებს – დიმიტრი გორდონსა და ოლესია ბაცმანს.

„საბუთები მათ მხოლოდ კიევში დასაბრუნებელ თვითმფრინავში მისცეს. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ველოდები ახსნა-განმარტებას საქართველოს რესპუბლიკისგან მსგავსი ქმედებების გამო“, – განაცხადა დენისოვამ.

მან ასევე ქართველ დიპლომატთან მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განიხილა.

„მოვუწოდე საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიოს მას სათანადო სამედიცინო დახმარება და ყველაფერი გააკეთოს ფუნდამენტური უფლების დასაცავად – სიცოცხლის უფლების”, – დაწერა ლუდმილა დენისოვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები