ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილი ფიქრობს, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, თავი უნდა შევიკავოთ მანდატების დატოვებაზე
“მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ მორალურად და სამართლებრივადაც კარგი იქნება, პარლამენტი დატოვოს, მაგრამ სააკაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულების შემდეგ განაცხადა.
ხერხეულიძის თქმით, ექსპრეზიდენტი თვლის, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, “ნაცმოძრაობამ” საპარლამენტო მანდატების დატოვებისგან თავი უნდა შეიკავოს.
“ვიზუალურადაც ეტყობა, რომ უკვე რომ სერიოზული სისუსტე აღენიშნება. შიმშილობასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია. რაც შეეხება მიმდინარე საკითხებთან, პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით მის პოზიციას, იგივენარიად ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ მორალურად და სამართლებრივადაც კარგი იქნება, პარლამენტი დატოვოს, მაგრამ სააკაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ორ დეტალს.
მე რომ დღეს მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, მხოლოდ იმის მეშვეობით შევძელი, რომ მე მაქვს საქართველოს პარლამენტის მანდატი. ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის ამაში ხედავს ძალიან დიდ რისკს, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება კომუნიკაციის გზა. ასევე, მეორე არის საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით. პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ, ეს არის ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ეს ჩასატარებელი გვაქვს. ის, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით და არც საპარლამენტო, არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს ასე იქნება, სააკაშვილი არის იგივე პოზიციაზე, მაგრამ ეს ორი ფაქტორი დასაკმაყოფილებელია. თვლის, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, თავი შეგვეკავებინა მანდატების დატოვებაზე“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.