მიხეილ დაუშვილი – მმართველ პარტიას: სრული რეაბილიტაცია მოახდინეთ „ნაციონალური მოძრაობის”, რომელიც წლის დასაწყისში უბრალოდ, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რადარებიდან იყო გამქრალი

პარლამენტის უფრაქციო  წევრმა, მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტია ვიწროპარტიული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებასა და „ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებაში დაადანაშაულა.

„მთელი ეს თვეები ზრუნავდით მხოლოდ თქვენი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლომდე დაივიწყეთ მოქალაქეები, საერთოდ არ გახსოვდათ ადამიანი. ბოლომდე ააღორძინეთ და გააძლიერეთ „ნაციონალური მოძრაობა”.

სრული რეაბილიტაცია მოახდინეთ „ნაციონალური მოძრაობის”, რომელიც წლის დასაწყისში უბრალოდ, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რადარებიდან იყო გამქრალი და მთელი ეს თვეები მოახმარეთ იმას, რომ გვებრძოდით კონკრეტულად ჩვენ. ეს იყო თქვენი ამოცანა – ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად და ოპონენტის განადგურება. გაგახსენეთ გვაბრალებდით გადატრიალებაში მონაწილეობას, მერე გვაბრალებდით სახელმწიფოს ღალატს, მერე გვაბრალებდით რომ კეზერაშვილი აფინანსებსო, მერე გვაბრალებდით გახარია მიშას შეხვდაო, მერე გვაბრალებდით რომ საერთოდ „კოკაინშიკები” ხართო. რომელი სიძულვილის ენის დასრულებაზე გვესაუბრებით. ან გეგმები სად არის, ან დავიწყებული მოქალაქეები სად არის, ეს არის სამწუხაროდ რეალური სახე. ეს არის დღეს ის მოცემულობა, რომელ მოცემულობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს არის მწარე სიმართლე, რომელსაც გვინდა თუ არ გვინდა თვალი უნდა გავუსწოროთ”, – განაცხადა პარტია „საქართველოსათვის” წარმომადგენელმა.

მისივე შეფასებით: „ეს არჩევნები არ იყო არც სამართლიანი, არც თავისუფალი, არც კონკურენტული, ვინაიდან თქვენ ადამიანებს უბრალოდ რეალური არჩევანის საშუალება წაართვით. იმიტომ, რომ დღეს არჩევნებზე იყო მხოლოდ ორი პოლუსი – „ქართული ოცნება” და აღდგენილი და გაძლიერებული „ნაციონალური მოძრაობა”. შედეგი რა არის?, რეალობა არის ის, რომ თქვენ გაიმარჯვეთ და თქვენ დაამარცხეთ არა „ნაციონალური მოძრაობა”, არამედ თქვენ დაამარცხეთ საქართველოს მოქალაქეები. ეს არის მწარე რეალობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები