გიორგი ცუცქირიძე – “ქუჩის აქციებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ქვეყანაში არც რევოლუციური სიტუაციაა”
ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.
როგორც ცუცქირიძე აცხადებს, ქუჩის აქციებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ქვეყანაში
არც რევოლუციური სიტუაციაა.
“ახლა, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ქუჩის აქციებისათვის ემზადება და ეს, პირველ ყოვლისა, ციხის გისოსებიდან შეგულიანებულ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ითქმის, “ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პარლამენტის დატოვება არის მეტად სიმპტომატური.
ბატონი ხაზარაძე, მოწოდებით არც ჩე გევარაა, არც ბოლივარი და არც რობესპიერი, რომლებსაც დღემდე აიგივებენ ცვლილებებთან, პროგრესთან და სიახლეების მუდმივ ძიებასთან, ქუჩიდან გააგრძელოს ბრძოლა როგორც თავად ამბობს – “თავისუფალი საქართველოსთვის”.
გაცილებით რეალობასთან ახლოს მგონია თვალსაზრისი: მიხვდა რა, რომ წააგო ამ ეტაპზე, დროზე გაცლას ცდილობს კოალიციიდან, და დიდი ალბათობით, არა თუ კოალიციის, თავად “ნაციონალების” დაშლაც არ იქნება დიდად გასაკვირი, ყველაფერი არ დაკარგოს. ამიტომაც უსვამს ხაზს, სულ “ლელოს” გაძლიერებაზე გადართვის აუცილებლობას.
არ დაგვავიწყდეს, რომ პირველ ტურში კალაძემ 11 პროცენტით მოუგო მელიას, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ხოლო მეორე ტურში უკვე კოალიცია, სადაც მელიასთან ერთად ოპოსპექტრის პრაქტიკულად ყველა ლიდერი იყო კოალიციაში დაყენებული, ხაზარაძის ჩათვლით უშანსოდ დატოვა, კიდევ უფრო მეტი 13 -პროცენტიანი სხვაობით. ბანკირს რეპუტაციული რისკი ნამდვილად არ ესწავლება და ამაზე დიდი რეპუტაციული რისკი რაღა არის?
არანაირი პერსპექტივა ქუჩის აქციებს რომ არ აქვს და არც რევოლუციური სიტუაციაც არ არის ქვეყანაში, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენიმეთვიანმა საპარლამენტო ბოიკოტმა, უფრო საბოტაჟის მცდელობამაც აჩვენა.
მთელი ეს პოლიტიკური კანონადა ბოლოს ოდენ კრეატივისგან მთლიანად დაცლილი პერფომანსირებული წარმოდგენების და რამდენიმე ნაწილად დაშლილი და ურთიერთდაპირისპირებული ოპოფლანგის ამარაღა დარჩა!”, – წერს ანალიტიკოსი.