მიხეილ სააკაშვილი: ჩემი რჩევა იქნება ჩემი ყველა თანამებრძოლის მიმართ, მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და “ოცნება” დატოვონ საკუთარ თავთან მარტო

“ჩემი რჩევა იქნება პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ: მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა.

სააკაშვილის თქმით, ბანდიტებთან საუბარი რეფორმებსა და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება.

“მე ვარ ძალიან გაბრაზებულები და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონი.

რა უნდა ვქნათ?! მხოლოდ ერთი, ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ – წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი, იქ პაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან იდგა რუსეთი და გაუყალბეს მასაც არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა, ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა და არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები.

იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსებს მიემხრო, არადა იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი.

ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, პარალელურად, უნდა ვასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს.

მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის.

ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ ბატონ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი, მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას. ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებზე და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ ემსახურება დროის გაწელვას, რათა ჩაქრეს საპროტესტო მუხტი და შიგნითაც და გარეთაც ხელი ჩაიქნიონ ჩვენ ქვეყანაზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ყველა ჩემი თანამებრძოლის და, ასევე, უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და “ოცნება” დატოვონ საკუთარ თავთან მარტო”, – აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები