EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობისა და არჩევნების შემდეგ განვითარების დღის წესრიგზე კონცენტრირების მნიშვნელობას
საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტს, ოდილ რენო-ბასოს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც გლაზგოში, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის შედეგად ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
EBRD-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ, არჩევნების დასრულების შემდეგ, აუცილებელია კონცენტრირება განვითარების დღის წესრიგზე.
აღინიშნა, რომ EBRD-ის დახმარებამ დღემდე 4 მლრდ ევრომდე შეადგინა 250-ზე მეტ პროექტში და უმნიშვნელოვანესია, რომ პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში EBRD-ის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები და EBRD-ის როლი, როგორც მათზე სათანადო რეაგირების კუთხით, ისე პოსტპანდემიურ ეტაპზე ეკონომიკის აღდგენის პროცესში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა და EBRD-ის პრეზიდენტმა განიხილეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლო კონკრეტული მიმართულებები, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტია.
EBRD-ის პრეზიდენტმა დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთგულება, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის უზრუნველყოფას.
ოდილ რენო-ბასომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრიორიტეტებად დაასახელა კერძო სექტორის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, მეტი ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურისა და ასევე სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება და აღნიშნა, რომ EBRD-ი განაგრძობს საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.