ბექა დავითულიანი – ვაზისუბანში დაპირისპირებაზე: მოვარდა ნიკა მელია, ნახა შანსი, რომ ჩვენი მოგებული უბანი გააუქმოს
ვაზისუბნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კვლავ ხმაურია.
“ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, ადგილზე პროვოკაცია ნიკა მელიას მისვლის შემდეგ დაიწყო.
“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით კი უბანზე შუქი სპეციალურად ჩააქრეს.
მისივე თქმით, დაპირისპირება მასსა და ბექა დავითულიანს შორის, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.
“ამ პროვოკაციას და სიგიჟეს უნდა მოვეშვათ. უბანზე უბრალოდ მოკლე ჩართვით ჩაქვრა შუქი. ამ უბანზე იგებს “ქართული ოცნება”. მოვარდა ნიკა მელია, ნახა შანსი, რომ მოგებული გააუქმოს და შუქის ჩაქვრის შემთხვევით მიზეზი, ტიპს უნდა, რომ გააუქმოს არჩევნების შედეგი,” – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
“ჩვენ არ გვინდა ძალადობას ვუპასუხოთ ძალადობით. ამისთვის არ ვართ ჩვენ ამ პროცესში. მე მივმართავ ელჩებს, თქვენ ხედავთ რა ხდება – ჩააქრეს შუქი იმ შენობაში, სადაც ყველგან იყო შუქი საარჩევნო უბნის გარდა. მობილიზაცია მოახდინეს ამ დანაშაულებრივი ჯგუფის, რომლის სათავეშიც თავად დეპუტატები არიან. არ გაგივა კალაძე, არა. მე ზუსტად ვიცი, მეგობრებთან ერთად რა ბრძოლაშიც ვართ, ჩვენი ინტერესი კი არ არის, რომ ამათ ავყვეთ. თუმცა, ერთ რამეს ვპირდები ყველას, რომ კანონიერი ქურდების ბოგინი და სუსს ამოფარებულების ბოგინი ამ ქვეყანაში დასრულდება,”- განაცხადა ნიკა მელიამ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პოლიციამ ტერიტორიიდან ერთი პირი გაიყვანა.